“It’s hard to beat the system when we’re standing at a distance, so we keep waiting, waiting on the world to change” ანუ სამოქალაქო აქტივიზმისა და პასუხისმგებლობის როლი ქვეყნის განვითარებაში


   “საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვება დაბადებით და ნატურალიზაციით”
აღნიშნულია კონსტიტუციაში, თუმცა სულაც არ გვჭირდება უზენაესი კანონის
მრავალჯერ გადაკითხვა იმისთვის, რომ ეს კარგად გავიაზროთ. თითქოს
მოქალაქედ ყოფნა იმდენად თანდაყოლილი და ბუნებრივად მონიჭებული
სტატუსია, რომ ზედმეტ გაანალიზებას არ საჭიროებს. რა თქმა უნდა,
ყველაფერი ასე მარტივად არ არის და ცივილიზაციათა განვითარების
პირობებში სწორედ მოქალაქის როლის გაუაზრებლობა ქმნის
დიდ საფთხეს. მარტივი შედარებისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ იმ ქალების
მაგალითი, რომელთაც შვილის გაჩენის შემდეგ ავტომატურად ენიჭებათ
დედის სტატუსი, თუმცა ის როლი, რომელსაც დედები ირგებენ სრულიად
გასნხვავებული მოვლენაა და მეტ პასუხისმგებლობას საჭიროებს. ასეა
მოქალაქეობის შემთხვევაშიც. შესაძლოა მოქალაქის სტატუსი მოსახლეობის
უმრავლესობას ჰქონდეს, თუმცა ის უფლებები და მოვალეობები, რომელთაც
მოქალაქის როლში ყოფნა მოითხოვს უმეტესწილად უგულებელყოფილი
რჩება. 
ისევე როგორც სხვა მრავალი პრობლემის, ასევე სამოქალაქო
პასუხისმგებლობის გაუაზრებლობის აღმოფხვრის საწყის საფეხურსაც -
სათანადო განათლება წარმოადგენს. ხშირად მოგვისმენია
სააღმზრდელობლო დაწესებულებისგან, რომ პირველ რიგში მათთვის
პრიორიტეტულია “კარგი მოქალაქეების” აღზრდა და მხოლოდ ამის შემდეგ
ხარისხიანი განათლების გაცემა. ამგვარ ფრაზებში ძირითადად ის
კანონმორჩილი მოქალაქეები იგულისხმებიან, რომლებიც არ იპარავენ, კაცს
არ კლავენ, სხვის საკუთრებას არ აზიანებენ და ა.შ. ალბათ დამეთანხმებით,
რომ თითის ქნევითა და კონსტიტუციის დაზეპირებით მოზარდები ვერ
შეძლებენ თვითშეგნების მნიშვნელოვანი საფეხურების გავლას და როცა
“თვით”-შეგნებას ვამბობთ არც ესაა შემთხვევითი. სწორედ ხარისხიანი
განათლების შედეგი უნდა იყოს ისეთი ღირსეული მოქალაქე, რომელიც
ზედმეტი მითითებების გარეშე საკუთარ თავში ანუ “თვით” იპოვის ძალას
განერიდოს უსამართლობას და აღმოაჩენს უფლება-მოვალეობათა იმ ცოდნის
აუცილებლობას, რომელიც ადამიანს მოქალაქედ აქცევს. ამგვარად,
განათლება არ გულისხმობს “ვეფხისტყაოსნის” უბრალოდ დაზეპირებას და
სარტრის ფილოსოფიის ზედაპირულად გაცნობას, არამედ გადააზრებას და
მათ საფუძველზე პიროვნული თვისებების განვითარებას. როგორ ხდება ეს და
რატომაა განათლება მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის ჩამოყალიბების
საწინდარი? “საქართველოში მცხოვრებ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეებს და
მოქალაქეობის არმქონე პირებს საქართველოს მოქალაქის თანაბარი
უფლებანი და მოვალეობანი აქვთ…” ვკითხულობთ კონსტიტუციაში, თუმცა იმ
უმნიშვნელოვანესი თვისების გარეშე, რომელსაც ჩვენ ტოლერანტობას
ვუწოდებთ, ადამიანს შესაძლოა პროტესტის განცდა გაუჩნდეს: რატომ უნდა
ვსარგებლობდეთ თანაბარი უფლებებით მე და ის უცხოელი, რომელიც ჩემს
ქვეყანაში ცხოვრობს? სწორედ ამ თვისების გამომუშავებაში გვეხმარება
ზემოაღნიშნული ნაშრომები. რუსთველისთვის მთავარი ის კი არ არის როგორ
აპირებენ ქაჯეთის ციხის აღებას ძმადნაფიცები, არამედ ის, რომ სამი
სხვადასხვა ეროვნების გმირი ერთი მიზნისთვის ერთიანდება და მათი
მეგობრობა არღვევს ეროვნულობის ვიწრო ჩარჩოებს. ამ იდეას იზიარებს
სარტრიც, როცა ამბობს “ყოველთვის როცა ადამიანი ირჩევს თავის პოზიციას
და თავის პროექტს მთელი გულწრფელობით და სიცხადით, მას არ შეიძლება
ამჯობინო სხვა”. ესაა ნათელი მაგალითები იმისა, თუ როგორ მიმდინარეობს
ღირსეულ მოქალაქეთა ჩამოყალიბების პროცესი განათლების საწყის თუ
უმაღლეს საფეხურებზე. 
   პირველად, ყველაზე მკაფიოდ მოქალაქის როლის გათავისება ხდება
არჩევნებში მონაწილეობისას, მაშინ, როცა ადამიანი იაზრებს მის ხელთ
არსებულ ბერკეტებს და ცდილობს თუნდაც ერთი ხმით შეცვალოს არსებული
სურათი. თუმცა ამ შემთხვევაშიც უდიდეს პრობლემას წარმოადგენს
არჩევნებში საკუთარი პოზიციის დაფიქსირების მნიშვნელობის
გაუაზრებლობა. ეკონომიკაში ეს მდგომარეობა “rational ignorance effect”
ტერმინით არის ცნობილი, რაც გულისხმობს მოქალაქის პოზიციას იმაზე, რომ
მისი ერთი ხმა არაფერს შეცვლის. ამასთანავე, მისთვის პარტიების შესახებ
ინფორმაციის მოძიებისა და არჩევნებზე წასვლის ზღვრული დანახარჯები
საგრძნობლად აღემატება ზღვრულ სარგებელს. სინამდვილეში, მსოფლიო
არჩევნების ისტორიაში მრავალი ისეთი შემთხვევა ფიქსირდება, როცა
თუნდაც ერთი ან რამდენიმე ხმა წყვეტს ქვეყნის სამომავლო ბედს.
მაგალითად ჯერ კიდევ 1910 წელს ინგლისში ჩატარებულ არჩევნებში
კონსერვატორმა ჰენრი დუკემ 4777 ხმით მოუგო ლიბერალ ჰაროლდ მაურს,
რომელმაც ზუსტად ერთით ნაკლები - 4776 ამომრჩევლის მხარდაჭერა
დაიმსახურა. გარდა ამისა, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ რაციონალური
უგულებელყოფის ეფექტი შესაძლოა მხოლოდ რამდენიმე მოქალაქეზე არ
გავრცელდეს და მათი რიცხვი საგრძნობლად დიდი იყოს. ასეთ შემთხვევაში
კიდევ უფრო იზრდება რისკი იმისა, რომ არჩევნების შედეგი მოსახლეობის
უმრავლესობის სურვილთან შეუსაბამო აღმოჩნდეს. ამიტომ, პირველ რიგში
კარგად უნდა იქნეს გააზრებული რატომაა მოქალაქე ვალდებული წავიდეს
არჩევნებზე და დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია. ეს არ არის ფორმალური ან
ინერტული ქცევა, არამედ მნიშვნელოვანი ცვლილებების მომტანი ქმედებაა,
რომელიც მოქალაქის პასუხისმგებლობას ერთიორად ზრდის. საჭიროა მეტი
მამოტივირებელი რეკლამისა და პროგრამის არსებობა იმისათვის, რომ
თითოეულმა ადამიანმა კარგად გაიაზროს არჩევნებზე წასვლის მიზანი, ის რომ
სწორედ ეს განსაზღვრავს მის მომავალს და რომ სწორედ აქედან იწყება
სამოქალაქო პასუხისმგებლობის მკაფიოდ გათავისება. 
   არც ის იქნება მართებული თუ ვიტყვით, რომ ადამიანს დემოკრატიული
მმართველობის პირობებში საკუთარი აზრის დაფიქსირების შესაძლებლობა
მხოლოდ არჩევნების დროს ეძლევა. სწორედ ამ მიზნით ერთვებიან
მოქალაქეები სამოქალაქო აქტივიზმში, რომელიც შეიძლება ითქვას
დემოკრატიის მამოძრავებელ ძალასაც კი წარმოადგენს. “Carnegie Europe”-
სთვის მიცემულ ინტერვიუში ვორიკის უნივერსიტეტის პროფესორი რიჩარდ
იანგსი აღნიშნავს, რომ ბოლო ასწლეულის განმავლობაში სამოქალაქო
აქტივიზმი პოლიტიკის მახასიათებელ გლობალურ ტენდენციად იქცა და რომ
დღესდღეობით არასამთავრობო ორგანიზაციების შრომა ფასდაუდებელია.
მართლაც, ასეა. უმეტესწილად აქტივიზმი ასახვას ჰპოვებს მასობრივ
პროტესტებში და ამის ნათელი მაგალითია საფრანგეთში, უნგრეთში,
ვენესუელასა და კიდევ მრავალ ქვეყანაში განვითარებული მოვლენები.
მართალია, მმართველ სისტემათა წინააღმდეგ გამართული აქციები
სამოქალაქო აქტივიზმის ყველაზე მეტად გავრცელებული ფორმაა, თუმცა რიგ
შემთხვევებში მოქალაქეების პროტესტის მიზანი შესაძლოა სხვადასხვა
ღირებულებების დაცვა ან ვინმეს მიმართ თანადგომა იყოს. სწორედ ამიტომ,
თავიდან უნდა იქნეს აცილებული საზოგადოებაში არასწორი შეხედულების
დანერგვა, რომ თითქოსდა სამოქალაქო აქტივისტები მხოლოდ მთავრობის
მიმართ აგრესიულად განწყობილი მოქალაქეები არიან. გავიხსენოთ
“მონტგომერის ავტობუსის ბოიკოტის” სახელით ცნობილი ერთ-ერთი ყველაზე
გახმაურებული შემთხვევა, როცა აფრო-ამერიკელმა აქტივისტმა და
სამოქალაქო უფლებების დამცველმა როზა პარკსმა ავტობუსით მგზავრობისას
ადგილი არ დაუთმო თეთრკანიან მგზავრს. ამის გამო პარკსი დააკავეს, რასაც
40000-მდე ადმიანის საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. კანონში ცვლილებები
შეტანის შედეგად შავკანიანებს მიეცათ საშუალება თავად აერჩიათ ავტობუსის
რომელ ნაწილში დასხდებოდნენ და მგზავრობისას მათი უფლებები
თეთრკანიანებისას გაუთანაბრდა. ამგვარად,  სამოქალაქო აქტივიზმი უმეტეს
შემთხვევაში სასურველი ცვლილებებით სრულდება, რაც კიდევ ერთხელ
ამტკიცებს მის პროდუქტიულობას.  
   იმისათვის, რომ პასიურ მოქალაქეთა მიერ ქვეყნისთვის მიყენებული “ზიანი”
უკეთ იქნეს გააზრებული უმჯობესია ჯერ განვიხილოთ აქტიური მოქალაქეობის
სარგებელი. როცა კანონმორჩილი ადამიანი სრულყოფილად აცნობიერებს
საკუთარ როლს ქვეყნის განვითარების პირობებში, გააზრებული აქვს მთელი
რიგი უფლება-მოვალეობებისა და ცდილობს თვალი არ დახუჭოს მის გარშემო
განვითარებულ არც ერთ უსამართლო შემთხვევაზე, გაცილებით სწრაფი
ტემპით ვითარდება საზოგადოებაც და ქვეყანაც უკეთესობისაკენ მიიწევს.
ლონდონში არსებული არაკომერციული ორგანიზაცია “Community Southwark”-ის
ერთ-ერთ სტატიაში ვკითხულობთ რომ აქტიური მოქალაქეობის სამი
განსხვავებული დონე არსებობს: ლოკალური, რეგიოლურ-ნაციონალური და
ინტერნაციონალური ანუ გლობალური.  დამეთანხმებით ეს მოსაზრება
საფუძველს მოკლებული არ არის, რადგან შესაძლებელია მოქალაქეს
სივრცითი განსაზღვრებების მიხედვით განსხვავებული უფლება-მოვალეობები
მივანიჭოთ. მაგალითად პირველ, ლოკალურ დონეზე მოქალაქე განვიხილოთ
როგორც სამეზობლოს, უბნისა და კონკრეტული დასახლების წევრი, რომელიც
ვალდებულია დაიცვას სისუფთავე, ზედმეტი ხმაურით არ შეაწუხოს
გარშემომყოფები, საჭიროების დროს დაეხმაროს მეზობელს, აღმოჩენილი
დარღვევების შემთხვევაში მიაკითხოს შესაბამის სამსახურებს და ა.შ. ერთი
შეხედვით მარტივი, ყოველდღიური ქმედებები ლოკალურ დონეზე არსებულ
ჩვენ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას განსაზღვრავს და სახლში ყოფნის
პირობებშიც კი ღირსეულ მოქალაქეებად გვაქცევს. 
   შემდეგი დონე, რომელსაც “Community Southwark” რეგიონალურ-ნაციონალურს
უწოდებს უფრო მეტად მრავლისმომცველია. ყველაზე მკაფიოდ სწორედ ამ
საფეხურზე ვლინდება ჩვენი მოქალაქეობრივი აქტიურობა, რაც რეგიონალური
მაშტაბით განხორციელებულ ცვლილებებში გამოიხატება. რადგან უკვე
ვისაუბრეთ არჩევნებზე და სამოქალაქო ატივიზმზე, ახლა უმჯობესია
ყურადღება გავამახვილოთ ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა სამოქალაქო
საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობა და მოქალაქეობრივი
სოლიდარობა. 
   პირველ რიგში სამოქალაქო საზოგადოებები არ არის სამთავრობო
გაერთიანებები, სწორედ ამიტომ ეწოდებათ მათ არასამთავრობო
ორგანიზაციები. ისინი არ წარმოადგენენ მომგებიანი ბაზრის ნაწილს და
უმეტესწილად არაკომერციულ საქმიანობას ეწევიან. ქვეყნის განვითარებაში
შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილის გამო სამოქალაქო საზოგადოებებს
“მესამე სექტორსაც” კი უწოდებენ. აქტიური მოქალაქეები ერთიანდებიან
ამგვარ ორგანიზაციებში და იბრძვიან ცვლილებებისთვის. რა მოხდებოდა
სამოქალაქო საზოგადოებების არ არსებობის შემთხვევაში? პასუხი მარტივია:
დემოკრატიის განვითარებას საფრთხე დაემუქრებოდა. თითოეული
მოქალაქის ხმა, რომელიც მთელმა ქვეყანამ უნდა გაიგოს, სწორედ ამ
გაერთიანებების მეშვეობით ვრცელდება. ეს არის გზა ცვლილებებისაკენ.
   რაც შეეხება მოქალქეობრივ სოლიდარობას რეგიონალურ-ნაციონალურ
ასპექტში, ვფიქრობ, მის საუკეთესო მაგალითს მსოფლიოში ბოლო დროს
განვითარებული მოვლენები წარმოადგენს. ვგულისხმობ, იმ ეპიდაფეთქებას,
რომელმაც მოქალაქეებს კიდევ ერთხელ უბიძგა პასუხისმგებლობის
გადააზრებისკენ. თვითიზოლაციითა და ჰიგიენის წესების მკაცრი დაცვით ჩვენ
არა მარტო საკუთარ თავებს ან ოჯახის წევრებს ვიცავთ საფრთხისგან, არამედ
თანამოქალაქეებს და შესაბამისად მთელ ქვეყანას. ერთ ადამიანსაც კი
შეუძლია ვირუსით დაინფიცირება თავიდან აარიდოს ათობით სხვას,
შესაბამისად აქაც უკეთესობისკენ ცვლილებებს თითოეული მოქალაქის
პასუხისმგებლობა და სოლიდარობის უნარი განსაზღვრავს. 
   საინტერესოა რას უნდა გულისხმობდეს შემდეგი ინტერნაციონალური ანუ
გლობალური საფეხური და როგორ შეიძლება ადამიანი “მსოფლიო
მოქალაქედ” მოვიაზროთ? ამ შემთხვევაშიც არასამთავრობო ორგანიზაციათა
როლი უმნიშვნელოვანესია. ჩართულობა და ფართო ასპარეზზე გასვლა
საშუალებას აძლევს თითოეულ მოქალაქეს განახორციელოს ცვლილებები არა
მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ კონტინენტური და მსოფლიო მასშტაბითაც.
თუმცა, აქვე ყურადღება მინდა გავამახვილო კიდევ უფრო პრობლემატურ
თემაზე, რომელიც ნამდვილად გვაქცევს “მსოფლიო მოქალაქეებად”.
ვგულისხმობ, გარემოს დაცვასა და ბუნების მოვლას. დამეთანხმებით,
დღესდღეობით მთელი პლანეტა იბრძვის კლიმატური პირობების
შესანარჩუნებლად, რადგან ბინძურდება წყალი და ჰაერი, ნადგურდება
ტყეები, რის შედეგადაც ზიანდება ფლორა და ფაუნა. რაც მთავარია
ვზიანდებით ჩვენ, ადამიანები, რომლებსაც ყველაზე პროდუქტიულად
შეგვიძლია ამ პრობლემების დაძლევა. სწორედ ჩვენ ხელშია მომავალი
თაობებისთვის ჯანმრთელი გარემოს შენარჩუნება. თუ “დღეს” ერთი მოქალაქე
მაინც გამოიყენებს გადამუშავებადი მასალით შექმნილ ჭიქას, “ხვალ” სხვა
შეძლებს უფრო სუფთა ჰაერის ჩასუნთქვას. ასე რომ მოქალაქეების
პასუხისმგებლობა და შეგნების მაღალი დონე ამ შემთხვევაშიც გადამწყვეტი
მნიშვნელობისაა. 
   “მოქმედებები სიტყვების ნაცვლად” ევროპის ეკონომიკური და სოციალური
კომიტეტის წევრის ვალტრაუდ კლასნიჩის დევიზია. მისთვის აქტიური
მოქალაქეობა გულისხმობს არა მხოლოდ საუბარს რაღაცის შესახებ, არამედ
საჭირო ნაბიჯების გადადგმას და მოქმედებას. ამგვარი დამოკიდებულება
სამოქალაქო პასუხისმგებლობისა და აქტივიზმის მიმართ განაპირობებს
შემდეგში ქვეყნის განვითარებას და ცივილიზაციათა წინსვლას. ამიტომ უნდა
შევეცადოთ ვიყოთ აქტიურები, ჩავერთოთ სამოქალაქო საზოგადოებების
საქმიანობაში, ვიმოქმედოთ საჭიროებისამებრ და ამასთანავე არასოდეს
დავივიწყოთ რომ - ეს ქვეყანა ჩვენია. 


Comments

  1. კორონავირუსის ფონზე ყველაზე მეტად სწორედ ამ პრობლემოს გააზრებაა საჭირო. საინტერესო იყო

    ReplyDelete
  2. https://civil-control-party.blogspot.com/2020/03/12030.html?fbclid=IwAR2nQSypkKpT6l5Ls6f7lZxkjjIHfoKa-su3oOHI6_D6RWzcTu5XpJGuh-k

    ReplyDelete

Post a Comment